პირველი კომპიუტერული გაზეთი – 1988 წლის დეკემბერი: „პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე“

პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე

გაზეთი „სამშობლო“ №26, გვ.4, 1988 წლის დეკემბერი

გაზეთი „სამშობლო“ №26, გვ.4, 1988 წლის დეკემბერი

დღეს ჩვენს გაზეთში პატარა პოლიგრაფიული ექსპერიმენტია: პირველად საქართველოს პრესის ისტორიაში გაზეთში იბეჭდება სტატია, რომელიც მთლიანად კომპიუტერზეა აწყობილი. დიდი სიამაყით კი ვამბობთ ამ სიტყვას – „პირველად“ – რა თქმა უნდა, გვიხარია კიდეც, მაგრამ არ შეიძლება გული არ გვწყდებოდეს, რომ ამ მხრივ ქართული, და მთლიანად საბჭოთა, პრესა საკმაოდ ჩამორჩა, რომ ჩვენში გვიან და მძიმედ შემოდის კომპიუტერიზაციის სიკეთე, რომ არა გვაქვს პერსონალური კომპიუტერები, არ არის საჭირო პროგრამები, ტექნოლოგიები, არ არის ლაზერული პრინტერი, რის გამოც ეს სტატია მატრიცულ პრინტერზე არის დაიბეჭდა და ასოები ამიტომ არის ცოტა მოუხეშავი. ამ ყველაფრის მიუხედავად, რედაქცია იმედოვნებს, რომ დღევანდელი ექსპერიმენტი თანდათან დაიხვეწება, ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცევა და მალე, ძალიან მალე, „სამშობლო“, მისი გამოშვების პროცესი მთლიანად იქნება კომპიუტერიზებული.

საყოველთაოდ ცნობილია კომპიუტერიზაციის უდიდესი როლი და მნიშვნელობა უახლესი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში. ეს მოვლენა უშუალო კავშირშია ენების განვითარების პროცესთან. მისი წინსვლა შეუძლებელია ერის თვითმყოფადობის გამომხატველი ერთ-ერთი ძირითადი ნიშნის – ენის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. და რაკი ენა ერის სულიერი სამყაროს, მისი სიმდიდრის გამომხატველი და მატიანეა. ამიტომ უწინარესად მას უნდა გაეწიოს ანგარიში. კომპიუტერიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ენის სამსახურში უნდა ჩადგეს და მისი გამოხატულების მძლავრ იარაღად უნდა იქცეს. მისი საზრიანი გამოყენება მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ქართული ენის შერყეული პოზიციები, პირველ ყოვლისა, ქართულ ეროვნულ მეცნიერებაში, შემდგომ კი ქართული ენის ფუნქციონირების ყველა სფეროში.

ეს საკითხი უფრო დიდი სიმწვავით დგება დღევანდელ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის განხილვა და რაკი პროგრამის მოქმედების ჩარჩოები უახლოეს ათწლეულს მოიცავს, ის ფუნდამენტურ ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს. და ამ ამოცანების დღის წესრიგში დაყენება და გადაჭრა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საკითხის ხელახლა წამოჭრა აღარ იყოს საჭირო.

დღეს მსოფლიოს ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში, და თუნდაც ჩვენში, ენების კომპიუტერიზაციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ან ის მდგომარეობა, რომელიც ხუთ-ათ წელიწადში იქნება მიღწეული, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ენის ტოტალური, საყოველთაო კომპიუტერიზაცია. ეს კი, პირველ ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ენის მთელი დოკუმენტირებული სფერო კომპიუტერის მეშვეობით ფუნქციონირებს. ეს ეხება როგორც საგამომცემლო საქმეს, ასევე მეცნიერული კვლევისა და სწავლების პროცესს, მთარგმნელობით საქმიანობასა და სხვ. კომპიუტერებში ჩადებულია უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია-ტექსტური მასალა, ლექსიკონები, ტერმინოლოგია, ცნობარები, და ა.შ. ამასთანავე, მთელი ეს ინფორმაციულ-პროგრამული პროდუქტი მოქმედებს როგორც ერთიანი ინტეგრალური სისტემა, რითაც მისი ძლიერება და ეფექტურობა კიდევ უფრო მატულობს. უახლოეს პერიოდში ფართო გაქანება მიეცემა ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის სისტემებს და სხვ.

მართალია, ჩვენს ქვეყანაში მიღწეული პრაქტიკული შედეგები ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური არ არის, მაგრამ პრობლემის ტექნოლოგიური და მეცნიერული კვლევისა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების თემატიკა და მოცულობა არცთუ ხელწამოსაკრავია. თუმცა კი მნიშვნელოვან გაფართოებას მოითხოვს.

საბჭოთა კავშირის ხალხთა ენების კომპიუტერიზაციის პრობლემებს გასული ხუთი წლის განმავლობაში მიეძღვნა ორი საკავშირო კონფერენცია, რომლებშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათეული მეცნიერული კოლექტივის ასობით წარმომადგენლი. ჩატარდა საბჭოთა კავშირის ხალხთა ენების კომპიუტერიზაციისადმი მიძღვნილი ორი საკავშირო თათბირი. მათ შორის პირველი თბილისში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე (თათბირის მასალები გამოქვეყნებულია). ამ ფორუმზე შემუშავებულია ეროვნული ენების კომპიუტერიზაციის ვრცელი გეგმა. მათ შორის ქართული ენის კომპიუტერიზაციის პროგრამა, რომელიც მისი სრული ზომით და დროულად განხორცილების შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად შევამციროთ ჩვენი ჩამორჩენა ამ სფეროში. ამასთანავე საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის ინფორმაციის ცენტრი ენათმეცნიერებისა და ხელნაწერთა ინსტიტუტთა ერთად დაგეგმილია იბერიულ-კავკასიური ენების კომპიუტერული ფონდების შექმნის წამყვან დაწესებულებად. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დამყარებულია კონტაქტები ჩრდილოეთ კავკასიის სათანადო რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და დასავლეთ ევროპის რიგ უნივერსიტეტებთან.

ახლა კი მოკლედ იმ უმთავრეს სამუშაოთა შესახებ, რომლებიც შესრულდა, მიმდინარეობს ან დაგეგმილია ქართული ენის კომპიუტერიზაციის მიმართულებით. ასეთი სამუშაოები უკვე ამ ათწლეულის პირველ ნახევარში დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა. კერძოდ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ბანკი; მართვის სისტემების ინსტიტუტში შექმნილია ქართულ-რუსული თარგმნითი პროცესორი და ტექსტური ინფორმაციის ლინგვოსტატისტიკური სისტემა (ი.ორლოვი, ი.ნადარეიშვილი).

გასაული სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრმა, ხელნაწერთა, ენათმეცნიერებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტებმა ერთობლივად შეიმუშავეს „ქართული ენის კომპიუტერული ფონდის“ კონცეფცია. ამ კონცეფციის ფარგლებში იქმნება კომპიუტერული, პროგრამული და ინფორმაციული კომპლექსი, რომელსაც შეეძლება ფართო მასშტაბის სამეცნიერო, საინფორმაციო, სასწავლო და საერთოდ კულტურული ფუნქციების შესრულება და უმთავრესად ორიენტირებულია მასობრივი პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე. ამასთანავე, ქართული ენის კომპიუტერული ფონდი სისტემურად დაკავშირებული და გადაჯაჭვულია ისეთ საინფორმაციო სისტემებთან,როგორიცაა ბიბლიოგრაფიული, რეფერატიული, ისტორიული ფაქტოგრაფიის, არქეოლოგიური, დემოგრაფიული, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა სისტემები, რითაც იქმნება ერის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური კომპიუტერული კომპლექსი.

დრეისთვის უკვე შექმნილია იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებისა“ (თ.მარგიანი, ნ.ენუქიძე, თ.ზალდასტანიშვილი) და ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ (ლ.ბინიაშვილი, მ.აბაძე, ქ.დათუკაშვილი) სრული ტექსტების ბანკი; აგრეთვე გენერალური კომპიუტერული ლექსიკონის ფრაგმენტი ამ ტექსტებისათვის. ეს ლექსიკონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა ტრადიციული ლექსიკონისაგან-მასში მოცემულია ყველაზე დაწვრილებითი ცნობები არა მარტო სიტყვის შესახებ, არამედ სიტყვის შემადგენელ ერთეულთა შესახებაც, და უფრო მეტიც: „მორფოლოგიური პროცესორის“ (ნ.ველიაშვილი) მეშვეობით მას ააქვს თავისი შევსების შესაძლებლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი თვითონ ცდილობს ლექსიკონში შემოსული ყოველი ახალი სიტყვის ანალიზს, მისი შემადგენელი ნაწილების დადგენასა და ბოლოს მათ კლასიფიცირებას. ამ სამუშაოა ერთ-ერთი ინიციატორია აკადემიკოსი ელენე მეტრეველი.

პარალელურად მიმდინარეობს,მუშაობა ქართული ენის „სინტაქსური პროცესორის“ შექმნაზე (ლ.ენუქიძე).’სინტაქსური პროცესორის“ ამოცანაა ტექსტის სინტაქსური ანალიზი, წინადადების წევრთათვის სინტაქსური მახასიათებლების ავტომატური მიწერა და მათი ლექსიკონში გადატანა.

ამას გარდა მუშავდება „ქართულ-რუსული ფრაზეოლოგიური ლექსიკონის“ კომპიუტერული ვერსია და მრავალდარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონი (თ.მღებრიშვილი, ნ.ბურჭულაძე), აგრეთვე ტექსტებისა და ლექსიკური მასალის ლინგვოსტატისტიკური პროცესორი. ქართველური ენებიდან ქართულის გარდა მიმდინარეობს მუშაობა მეგრული ტექსტების ანალიზზე (კ.გაბუნია). უკვე შექმნილია ფრაგმენტი იბერიულ-კავკასიურ ენათა ენციკლოპედიური აღწერისთვის. ეს სისტემა მჭიდრო კავშირშია ყველა სხვა საინფორმაციო სისტემასთან, რომელიც მოქმედებს“ ქართული ენის კომპიუტერული ფონდის“ ფარგლებში.

ქართული ენის კომპიუტერული ფონდის ზემოჩამოთვლილი ქვესისტემები გარკვეულ ნაბიჯს წარმოადგენენ აგრეთვე ქართულიდან და ქართულად კომპიუტერული თარგმნის სისტემების შექმნის გზაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება ქართული ენის მანქანური ფონდი რიგი ლექსიკონის შემცველობით.

რა თქმა უნდა, ყველა ეს სამუშაო ერთბაშად არ შესრულებულა. ამ სამუშაოთა ასეთი ფართო მასშტაბით გაშლის წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე სისტემა, რომლებიც შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრში.

პირველი კომპიუტერული საინფორმაციო სისტემა, რომელიც ქართული მეცნიერული აზრის საგანძურად შეიძლება მივიჩნიოთ, გახდა დოკუმენტური, ანუ ბიბლიოგრაფიული ბანკი. ამ ბანკის შექმნა დაიწყო ჯერ კიდევ 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის მიერ (თ.გოგიშვილი, ნ.ოქრუაშვილი). აქ თავმოყრილია საქართველოში საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ქართულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ და სხვა ენებზე გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, რეფერატები ან ანოტაციები და საძიებო ტერმინები თუ კოდები.

მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო, ინფორმაცია პარალელურად ქართულ და რუსულ ენებზეა, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. აღსანიშნავია ისიც,რომ ინფორმაციის სტრუქტურა და ფორმატი შეესაბამება საბჭოურსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილია ამ სისტემის მიკროკომპიუტერული ვერსიაც და მის ინფორმაციით შევსებას შეუდგა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი (რ.მირიანაშვილი).

ამჟამად დაწყებულია მუშაობა აგრეთვე ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული მრავალი ათასი ხელნაწერის აღწერილობის კომპიუტერული კატალოგის შექმნისათვის. კატალოგში იქნება ცნობები ხელნაწერის ავტორის, შინაარსის. შექმნის თარიღის, მისი ისტორიის, მასალის, დაცულობის, ილუსტრაციებისა და სხვათა შესახებ. ამას გარდა, ხელნაწერთა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტები ინფორმაციის ცენტრთან ერთად მუშაობენ ქართული სამართლის ძეგლების შინაარსობრივი აღწერილობის ბანკის შექმნაზე (მ.სურგულაძე, თ.აბაშიძე, გ.ბერაძე, გ.ჟორჟოლიანი).

საქართველოში გამოცემული მეცნიერული ლიტერატურის შესახებ არსებული ინფორმაცია და აგრეთვე ინფორმაცია საქართველოს გარეთ არსებული იმ დოკუმენტებისა, რომლებშიც ასახულია საქართველოსა თუ ამიერკავკასიის საკითხები, თავმოყრილია მოსკოვშიც, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტში. ამ მასალის შევსება და მოხმარება ხდება ტელეკომუნიკაციური ქსელის მეშვეობით.

ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალაშიც აისახა. მისი სიმრავლე სირთულეებს უქმნის არქეოლოგებს მასალის დამუშავებისა და სისტემატიზაციის პროცესში. სწორედ ამიტომ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ინიციატივით 1981 წლიდან ინფორმაციისა და არქეოლოგიის ცენტრებმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან ერთად დაიწყეს არქეოლოგიური და სამუზეუმო ინფორმაციის კომპიუტერიზებული ბანკის შექმნა. ამჟამად უკვე მუშავდება ინფორმაცია ჭურჭლის, ნუმიზმატური მასალისა და პალეოლითური იარაღის შესახებ (ი.გაგოშიძე). დამყარებულია მჭიდრო თანამშრომლობა უმსხვილეს საბჭოთა არქეოლოგიურ ცენტრებთან და მუზეუმებთან.

არქეოლოგიური და სამუზეუმო ინფორმაციის კომპიუტერიზებულ ბანკში ყოველი საგნის შესახებ აღნუსხულია ცნობები მისი დაცვის, აღმოჩენის ადგილისა და თარიღის, აღმოჩენის, ზომების, დეკორის, მასალისა და სხვა მახასიათებელთა მიხედვით. ეს კი საფუძველია მრავალასპექტიანი მუშაობისათვის.

თუ არქეოლოგიური და სამუზეუმო ინფორმაციის ბანკში დაცული მასალა ნივთიერ კულტურასთანაა დაკავშირებული, ისტორიული ფაქტოგრაფიის ბანკში დაცულია ის ცნობები, რომლებიც უპირატესად მრავალსაუკუნოვან ქართულ ხელნაწერებშია მოხსენიებული. აქ აისახება ინფორმაცია პირთა,მოვლენათა, ადგილთა, საგანთა არქიტექტურულ ძეგლთა, სახელწიფო და ეთნოსთა შესახებ. ამ ბანკის შექმნაში მონაწილეობენ ისტორიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტები, ხალხთა მეგობრობის მუზეუმი და ინფორმაციის ცენტრი (მ.დუმბაძე).

მსგავს სისტემას ქმნის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიც, მაგრამ მხოლოდ არქიტექტურული ძეგლებისას. ყოველი ძეგლის შესახებ კომპიუტერში დაცული იქნება არა მარტო ფაქტოგრაფიული ხასიათის აღწერები, არამედ ძეგლის ვიდეო გამოსახულებაც; ფაქტობრივად შეიქმნება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა სრული ვიდეოთეკა. ამ სისტემის ბაზაზე აიგება ქართული კულტურის კომპიუტერული სასკოლო სასწავლო კურსიც (თ.თედიაშვილი, თ.დვალი).

ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გადაიჭრას, ესაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობისა და სტამბის აღჭურვა უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და შესაბამისი პროგრამულ ინფორმაციული სისტემებით, რომლებსაც ექნებათ მრავალფეროვანი, ლამაზი და ეკონომიური ქართული შრიფტი. ეს, ერთი მხრივ,მნიშვნელოვნად გააიაფებს და დააჩქარებს ნაბეჭდი პროდუქციის გამოშვებას, მეორე მხრივ კი, შეავსებს სრული ტექსტების ბანკებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გზით გამარტივდება ხელახალი თუ შესწორებულ-შევსებული გამოცემების განხორციელება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თანამშრომლები და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტამბის დირექტორი რევაზ გრიგოლია მუშაობენ კომპიუტერით ტექსტის სწრაფი მომზადებისა და მისი საბეჭდ მანქანაზე გადატანის საკითხებზე.

ყველა ის საინფორმაციო ბანკი, რაც გაერთიანებული იქნება ზემოხსენებულ სისტემაში, იძლევა საშუალებას ერთი რომელიმე საკითხის შესახებ არსებული ინფორმაცია შევავსოთ სხვადასხვა ბანკიდან. ვთქვათ, თუ ტექსტში შეგვხვდა „სვეტიცხოველი“, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სრული ინფორმაცია მისი არქიტექტურის, ისტორიის, აღმშენებლის, დღევანდელი ფუნქციონირების, გეოგრაფიის, მასთან დაკავშირებულ პირთა, თარიღთა, ამ სიტყვის შემცველ ტექსტთა ყოველმხრივი ანალიზის შესახებ, ვნახავთ ვიდეო ინფორმაცისა და სხვა. ამ ცნობების ამოკრება მოხდება სხვადასხვა საინფორმაციო ბანკიდან ავტომატური საძიებო ოპერაციების ჩატარებით.

მნიშვნელოვანია და ამიტომ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს,რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სამუშაო სრულდება საკუთრივ საზოგადოებათმცოდნეთა და ჰუმანიტართა მიერ, რომლებმაც უმოკლეს ვადებში შეისწავლეს და შემოქმედებითად იყენებენ კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ სისტემებს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ათზე მეტი სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომელთაგან შეიქმნა ენთუზიასტ კონსტრუქტორთა ჯგუფი, რომლის წევრები უმთავრესად საზოგადოებრივ საწყისებზე ასრულებენ დიდი მოცულობის რთულ სამუშაოს.

„ქართული კულტურის კომპლექსური კომპიუტერული ბანკის“ შექმნაში მრავალი დაწესებულება და სპეციალისტი მონაწილეობს. ამ სამუშაოებს სათავეში უდგას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. მისი მითითებით შეიქმნა გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი. საბჭო მოწოდებულია კოორდინაცია გაუწიოს ყველა შესაბამის სამუშაოს.

ბოლოს გვინდა მადლობა მოვახსენოთ გაზეთ ‘სამშობლოს“ რედაქციას, რომელმაც მოგვცა საშუალება ჩვენი ზოგიერთი ჩანაფიქრი პრაქტიკულად გაგვეხორციელებინა მის ფურცლებზე ექსპერიმენტის სახით.

აქ ვე გვინდა „სამშობლოს“ მეშვეობით მივმართოთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და ქართველოლოგებს, მონაწილეობა მიიღონ „ქართული კულტურის კომპიუტერული საგანძურის“ (თეზაურუსის) შექმნასა და განვითარებაში.

ბესარიონ გუგუშვილი – გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ვლადიმერ კიკილაშვილი – ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

სურათზე აღბეჭდილნი არიან სტატიის ავტორები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის თანამშრომლები ბესარიონ გუგუშვილი (მარცხნივ) და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი ვლადიმერ კიკილაშვილი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრში მათვე ააწყვეს ეს სტატია კომპიუტერზე.

One Response to პირველი კომპიუტერული გაზეთი – 1988 წლის დეკემბერი: „პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე“

  1. Pingback: BPG-ს პირველი PC XT :) | BPG Georgian Fonts ფონტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: