პ.გუგუშვილი: ქართული შრიფტის გაუმჯობესებისათვის

პაატა გუგუშვილი
ქართული სტამბის წიგნი 1629-1979
საქართველოსა და ამიერკავკასიის
ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში.
მონოგრაფიები, ტომი მეშვიდე.
თბილისი, „მეცნიერება”, 1984
გვ  773-781

3. ქართული შრიფტის გაუმჯობესებისათვის [9]

გაზ. „კომუნისტის” 1961 წ. 1 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა გამოჩენილი საბჭოთა მწერლის აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სტატია — „მარადიული საუნჯე”. კ.გამსახურდია აქ აყენებს თანამედროვე ქართული ეროვნული კულტურის უაღრესად აქტუალურ, ჩვენ ვიტყოდით, ერთ-ერთ დიდმნიშვნელოვან პრობლემას, სახელდობრ, ქართული შრიფტის შემდგომი აუცილებელი გაუმჯობესებისათეის ასომთავრულის შემოღების საკითხს.

აკადემიკოსი კ.გამსახურდია სავსებით სამართლიანად აცხადებს, რომ ეს ქართული შრიფტის კომიტეტის საქმეა, და თუ ამ კომიტეტს არ ძალუძს „დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს”, მაშინ „სხვა კომისია ამოირჩიონ” [10].

ქართული სტამბის შრიფტი უდაოდ ძლიერ ჩამორჩება თანამედროვე განვითარებული, მაგალითად, რუსული ან ლათინური, შრიფტის მეურნეობის მიღწევებს და არა მხოლოდ მთავრულის ხმარების სისტემატური გატარების, არამედ საერთოდ სხვადასხვა დანიშნულებისა და სიდიდის შრიფტთა გარნიტურების სიმრავლისა და სისრულის მხრივაც.

თუ რამდენად განიცდიან ამას თვით პოლიგრაფიის მუშაკები, ჟურნალისტები, ჩანს გაზ. „კომუნისტის” იმავე, 272 ნომერში მოთავსებული წერილიდან: ატომური ენერგიისა და რაკეტების ეპოქაში ჩვენი „სტამბები იძულებული არიან იმოქმედონ პრიმიტიულადო”.

თანამედროვე პოლიგრაფიულ მრეწველობაში გამოიყენება ფრიად დიფერენციული შრიფტი სხვადასხვა დანიშნულების ტექსტისათვის: საგაზეთო, საჟურნალო, საბავშვო, საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების, მხატვრული და მეცნიერული (თავის შიგნით კიდევ გრადაციებიანი – პოლიტიკური, ტექნიკური, მასობრივი, სპეციალური) ლიტერატურისათვის, რეკლამა-აფიშებისა და ა. შ.

თითოეულ მათგანში კიდევ იხმარება სხვადასხვა ზომის (კეგლის) შრიფტი, როგორც ტექსტისა და კურსივის ასაწყობად, ასევე მთავრული ანბანების გარნიტურთა სახით, რომ არა ვთქვათ რა აქციდენციური შრიფტისა და სხვა სასტამბო მასალის შესახებ. პოლიგრაფია თანამედროვე მრეწველობის ისეთი დარგია, სადაც, ცნობილი მიზეზების გამო, მალე ინერგება მეცნიერებისა და ტექნიკის შესაბამისი მიღწევები. წარმოების ავტომატიზაცია, მექანიზაცია (ლინოტიპი, მონოტიპი, ფოტოამწყობი) გავლენას ახდენენ უწინარეს ანბანის (შრიფტის) გრაფემაზე (მოხაზულობაზე, ჩონჩხზე), მეტ-ნაკლები ზომით თვით წერისა და ლიტერატურული ენის, სტილის, ფრაზეოლოგიის, საერთოდ მეტყველების ეკონომიურობისა და მობილურობის განვითარებაზე.

პოლიგრაფიაში, საერთოდ ლიტერატურულ და მეცნიერულ მუშაობაში ელექტრონის “გონიერი” მანქანების შეჭრა, კერძოდ, მთარგმნელობის ლექსიკური მასალის გამოვლენის, აღრიცხვისა და კონტროლის ინტერესები მოითხოვენ, რათა ყოველი სიტყვა (ტერმინი) ფუძის ანბანით იწყებოდეს, რასაც შეუძლია მეტ-ნაკლები ზომით თავსართების “გაქრობა” და შესაბამისად, იქნებ, ბოლოსართთა განვითარება გამოიწვიოს.

მაგრამ ბეჭდვით სიტყვაში ეკონომიურობას კარნახობს არა მხოლოდ მრეწველობის, არამედ თვით მკითხველთა ინტერესები. თანამედროვე მკითხველისათვის აუცილებელია, ასე ვთქვათ, ლაპიდარული წერა, ლაკონიური მეტყველება, ადვილად გასარჩევი და წასაკითხი შრიფტი, დროისა და ადგილის ეკონომია, რადგან მან განუზომლად უფრო მეტი უნდა წაიკითხოს, ვინემ თუნდაც ორიოდე ათეული წლის წინანდელმა მკითხველმა.

ასომთავრული, ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით ეწოდება მოცულობით უფრო დიდ, მუქ ასოს, რომლითაც იწყება ყოველი საკუთარი და გეოგრაფიული სახელი, წერტილის შემდეგ წინადადება (ფრაზა), აიწყობა თხზულებათა და მისი ცალკე თავების სახელწოდება (ტიტულები) და სხვ.; – ესაა სათაურისა და ტიტულის ასოები.

ქართულ მხედრულ ანბანში ასომთავრული არ განვითარებულა. წინათ, როდესაც ასომთავრული საჭიროდ მიაჩნდათ, მხედრულში ხუცურ მთავრულს იყენებდნენ.

მხედრულ ანბანში მთავრულის შემუშავების ცდები, როგორც აკად. ივ.ჯავახიშვილს აქვს აღნიშნული, იწყება მე-18 ს. დამდეგიდან. ნიკოლოზ ტფილელი 1728 წ. წერდა: „მხედრული ასომთავრული ძველთაგან არ ყოფილარს, აწ მე გავაკეთე”, „ჩემი მოგონილია”.

მე-19 ს. მეორე ნახევრიდან ქართულ სტამბებში მეტ-ნაკლები ზომით გავრცელდა მთავრული შრიფტის სახით ტექსტში დიდი და მუქი მხედრული ასოების ხმარება.

1865 წ. გამოცემულ ი.გოგებაშვილის „ქართული ანბანის” და შემდეგ 1866 წლიდან გაზ. „დროების” (რედაქტორი გ.წერეთელი, გამომცემელი სტ.მელიქიშვილი) სტატიების ტექსტში გზა გაეხსნა მიხ.ყიფიანის მიერ შემუშავებულ მთავრულ ასოებს.

საინტერესოა, თუ როგორ ასაბუთებდა ამ თავის ინიციატივას გაზ. „დროების” რედაქცია: „უასომთავრულოდ კაცი საკუთარს სახელს ძნელად გამოიცნობს ხოლმე, ასე რომ ხშირად შეუნიშნავად რჩებიან უცხო ქვეყნების კაცების სახელები. ამასთანავე, ყოველი აზრი კითხვაში უფრო მკაფიოდ და ნათლად იხედება, რადგან ის ყოველთვის ასომთავრულით იწყება ხოლმე. ასომთავრულის შემოღებით აგრეთვე თვითონ ქართული სტამბაც მრავალგვარდება და მშვენიერდება… როდესაც მკითხველებს ასომთავრულზე თვალი გაუტყდებათ, მაშინ ისინი ღირსებად ჩასთვლიან ნაკლულოვანებას, რომელსაც პირველად ხედავენ” („დროება”, 1867 წ. № 1,2).

15138424_10202422602442811_4328685591421372804_o

მთავრულის ტექსტში ხმარების – სატექსტო მთავრულის გამოყენების — შემდგომ სპორადულ ცდებზე ჩვენ აქ არ შევჩერდებით. საბოლოოდ, როგორც ცნობილია, ამ მხრივ მთავრული ასოების ხმარება ჩვენს ბეჭდვით სიტყვაში არ დამკვიდრდა.

ამის უმთავრესი მიზეზი, ცხადია, ისაა, რომ არსებული ქართული მთავრული შრიფტი თავისი გრაფემისა და ზომის მხრივ, თვალის ჰიგიენის, მხატვრული და სხვ. თვალსაზრისით ღრმამეცნიერულად შესწავლილი და შემუშავებული არ ყოფილა.

ეს კი მნიშვნელოვან ხარჯებსა და კვალიფიციურ კადრებს მოითხოვდა. ასეთი საქმის შესრულება საბჭოთამდელ ქართულ ბეჭდვით სიტყვას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. თანაც ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ მთავრულის თანმიმდევრული გატარება, გარდა იმისა, რომ გააძვირებდა პოლიგრაფიის პროდუქციას, გააძნელებდა ქართულის შესწავლას, „ააჭრელებდა” ტექსტს და სხვ.

ასეთ პირობებში არსებული მთავრული გაბატონდა უმთავრესად როგორც სატიტულო შრიფტი. ამგვარად, მხედრულის სრულყოფილი სატექსტო მთავრული, მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა და საჭიროებისა, არსებითად დღემდე არ მოგვეპოვება.

შრიფტის მეურნეობის, პოლიგრაფიული მრეწველობის ყოველ მხრივი შესწავლის შედეგად დღეს საყოველთაოდ აღიარებულია სატექსტო მთავრული ასოების თანამიმდევრული გატარების აუცილებლობა, როგორც ეს მიღებულია რუსულ, ლათინურ და ყველა სხვა განვითარებულ შრიფტებში.

დღეს, ცხადია, არავინ დაობს იმ დიდ უპირატესობათა შესახებ, რაც გააჩნია მთავრულს არა მხოლოდ თვალის ჰიგიენის, გეოგრაფიულდა საკუთარ სახელთა გამოყოფის, ტექსტის მონოტონურობის დაძლევის, წაკითხულის აღქმის გაადვილებისა და სხვა მხრივ, არამედ ფრიად მნიშვნელოვანი ზომით ტექსტში ეკონომიურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

ქართულ მხედრულში მთავრულის შემოდების დამაბრკოლებელ მიზეზად თვლიდნენ იმასაც, რომ მთავრული (დიდი მოხაზულობის) ასოების გამოყენებას შეეძლო გამოეწვია ტექსტის გადიდება, ე.ი. მეტი ქაღალდის ხარჯვა და, მაშასადამე, პროდუქციის გაძვირება.

უნდა ითქვას, რომ ეს შეხედულება მაშინდელ პირობებშიც უსაფუძვლო იყო, რამდენადაც ქართულ მხედრულ შრიფტში ე.წ. გრძელი ასოების სიხშირე თავისთავადაც, ე.ი. მთავრულის გარეშეც, შესაბამის პროპორციას ამყარებდა სტრიქონთა შორის.

ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე რუსულ კორპუსში ექვსი გრძელი ასოა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადადის ცენტრის ორსავე კიდეზე, ერთი კიდევ მარტო ზევით, ხოლო ოთხი ქვედა კიდე ზე ჩამოდის, ყველა დანარჩენი ცენტრის პუნქტშია მოქცეული. ქართულ კორპუსში კი, გარდა ოთხისა, ყველა დანარჩენი ასოს ზედა თუ ზედა კიდეები სცილდება ცენტრს, ხოლო სამი (ქ, ჭ, წ) ორსავე კიდეზე გადის.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც, როგორც წესი, თითქმის ყოველგვარ ტექსტში გატარებულია დიდძალი აბრევიატურა, მთავრულ ასოებს ამ სახით მნიშვნელოვანი ეკონომია შეაქვთ პოლიგრაფიაში.

ამგვარად, სწორედ ის მომენტი, რაც ოდესღაც განვრცობილობის გამომწვევ მიზეზად წარმოედგინათ, დღეს ეკონომიურობის მომასწავებელიც ხდება.

სატექსტო მთავრულის უქონლობითაც ასაბუთებენ ზოგიერთები ჩვენს რედაქციაში აბრევიატურების გამოუყენებლობას და სადაც, მაგალითად, რუსულ სათარგმნ მასალაში გვაქვს США, ООН და სხვა მისთანა შემოკლებანი – ქართულში დაბეჭდილია: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნაცვლად იმისა რომ წერონ ႠႸႸ, ႢႤႭ.

ასეთ შემოკლებათა გარეშე და განვრცობილი თარგმანის მეოხებით, მაგალითად, რუსულიდან ქართულად გადმოღებული პოლიტიკური ლიტერატურის ტექსტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ორიგინალისას, რაც არსებითად ამცირებს ქართული პერიოდული და საერთოდ ყოველგვარი გამოცემის ტევადობას, ადიდებს პოლიგრაფიულ ხარჯებს, ზედმეტად ღლის მკითხველს და სხვ.

კონკრეტული მაგალითი. გაზ. „კომუნისტი”, დაახლოებითი გაანგარიშებით, 10 -15%-ით ნაკლებ საკითხავ მასალას აწოდებს ჩვენს მკითხველს, ვინემ იმავე ფორმატის გაზ. „Заря Востока”.

მაგრამ მთავრულის შემოდება მნიშვნელოვნად გააადვილებს ანაწყობის დაკაბადონებასაც, ე.ი. ხელს შეუწყობს თვით პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს, მაშასადამე, პროდუქციის გაუმჯობესებას, შრომის მწარმოებლურობის გადიდებას.

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ არა ჩვენს პოლიგრაფიასა და, იქნებ, უფრო მეტად, მთარგმნელობით ხელოვნებაში და ზოგიერთ რედაქციაში ფესვგადგმული რუტინა, ვფიქრობთ, არსებული მთავრულის ტექსტში, მაგალითად, აბრევიატურებისათვის ფართოდ გამოყენება არცთუ დიდ სიძნელეს წარმოადგენს.

სატექსტო მთავრულით ქართული შრიფტის გამდიდრებასთან ერთად უნდა შემუშავდეს კურსივის შრიფტი — დიდი და პატარა კეგელებისა, ფერთა (მკრთალი, მკვეთრი, თეთრი, მუქი) საჭირო გრადაციებით, თვალის ჰიგიენისა და პოლიგრაფიული ეკონომიურობის გათვალისწინებით.

მაგრამ ქართული შრიფტის ნაკლოვანება მარტოოდენ სატექსტო მთავრულისა და კურსივის შეუმუშავებლობაში როდი გამოიხატება.

სხვადასხვა ეროვნული და უცხოური წარმოშობის გაეროვნულებული ანბანის პრობლემის შესწავლისა და უახლესი ტექნიკური მიღწევების შესაბამისი შრიფტების შექმნის საკითხზე მუშაობენ სპეციალური ინსტიტუტები, ლაბორატორიები

მაგალითად, ლათინური ან რუსული სტამბის შრიფტის საკითხების, პოლიგრაფიული მრეწველობის შესახებ იწერება სპეციალური გამოკვლევები, გამოიცემა დარგობრივი ჟურნალები და სხვ. შესწავლის საგანია ცალკეული ასოს ყოველი დეტალი და მთლიანი გრაფემა –მრავალგრადაციებიანი კეგელებისა და მათი სრული გარნიტურების ასპექტში.

საბჭოთა კავშირში დღეს იხმარება უმთავრესად ოთხი სხვადასხვა წარმოშობის შრიფტი (ანბანი) რუსული, სომხური, ქართული და ლათინური. რუსული და ლათინური შრიფტების სისტემატური სრულყოფისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განუწყვეტლივ მიმდინარეობს დიდი მუშაობა

მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს ამ მხრივ ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში – საბჭოთა სომხეთში სომხური შრიფტის გაუმჯობესებისათვის, პოლიგრაფიული მრეწველობის უახლეს მოთხოვნილებათა შესაბამისად მისი განვითარებისათვის, ეკონომიური, ჰიგიენური, მხატვრული, ესთეტიკური თვალსაზრისით გამართლებული სხვადასხვა ზომის შრიფტის მოხაზულობის შემუშავებისათვის გამოცხადებულ დიდ კონკურსში მონაწილეობა მიიღო როგორც სსრ კავშირის, ასევე დას.ეროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკის ქვეყნების 63 სპეციალისტმა (უმთავრესად გრაფიკოსებმა).

1959 წ. იანვარში გამოცხადებული ოფიციალური ცნობით კონკურსში მონაწილეთაგან 14 კაცს მიენიჭა ჯილდო და მათი ნამუშევრები მიღებულია წარმოებაში დასანერგად, რაც, ცხადია, გაამდიდრებს სომხური შრიფტის მეურნეობას (იხ. გაზ „Коммунист”, 1959, № 10, Ереван).

წინათ, როდესაც ქართული პოლიგრაფიული მრეწველობა კერძო თაოსნობის საგანს შეადგენდა, პროგრესული ინტელიგენციის პატრიოტული გულმოდგინების და, თუ გნებავთ, თავგამოდების სფეროს არ სცილდებოდა, როდესაც თვითმპყრობელობის სახელმწიფოებრივი აპარატი მისი არათუ გაუმჯობესებისათვის არ ზრუნავდა, არამედ მთლიანად აღკვეთის მუხანათური ზრახვებითაც იყო ამოძრავებული, ცხადია, ქართული შრიფტის განვითარების საქმე ვიწრო ჩარჩოებში მიმდინარეობდა.

მაშინაც ხშირად სრულად არ იყენებდნენ არსებული ქართული შრიფტის ყველა შესაძლებლობას. 1897 წ. გაზ. „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნებულ საყურადღებო სტატიაში – „ქართული შრიფტის შესახებ” ი.გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ არაეკონომიური შრიფტის გამოყენების მეოხებით „ქართული გაზეთები ერთიორად ღარიბნი არიან ცნობათა რაოდენობით ევროპიულსა და რუსულს გაზეთებზედ… მდიდარი ევროპა ბეჭდვის საქმეში იცავს სასტიკს ეკონომიას, ხოლო ჩვენ კი არაო”. იგი მოუწოდებდა. “ჩვენ წიგნებისა და პერიოდულს გამოცემების ბეჭდვაში უნდა დავცვათ,ერთი მხრივ, თვალის სისაღე და, მეორე მხრივ, ეკონომია“.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროიდან ჩვენი პარტიის მიერ ლენინური ნაციონალური პოლიტიკის გატარების მეოხებით ბევრი რამ გაკეთდა ქართული ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიგრაფიის გაუმჯობესებისათვის. ამ მიღწევების უბრალო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა.

მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, კერძოდ, შრიფტის მეურნეობაშიც, მაგრამ, როგორც ითქვა, ქართული სტამბური შრიფტი დღევანდელ ეტაპზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. გარნიტურების სახით კეგელებზე მისი გამრავლების საკითხი ღრმამეცნიერული შესწავლის გზით არ მიმდინარეობს. 1933 წ. შექმნილმა „ქართული შრიფტის რეფორმის კომიტეტმა” არასწორად გაიგო თავისი ამოცანები. ოთხ პარალელზე (წრეხაზზე) წარმოქმნილი ქართული ასოების ორ პარალელზე (სწორ და წახნაგოვან კუთხეებზე) დაფუძნებულ ლათინურთან გათანაბრების ცდა მხოლოდ სამწუხარო გაუგებრობის შედეგი იყო და კანონიერი მარცხით დამთავრდა.

ჩვენი პოლიგრაფიული მრეწველობის განვითარების ინტერესები მოითხოვდა, რომ ქართული შრიფტი თავისებური გრაფიკული ნიშანდობლიობის შესაბამისად შევსებულიყო ადვილად საკითხავი და ეკონომიური მოხაზულობის სხვადასხვა კეგელებით. ამ მიმართულებით 1940 წ. შექმნილმა „ქართული შრიფტის კომიტეტმა” მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა. ესაა ქართული შრიფტის ისტორიის შესწავლა, მისი სტანდარტის შემუშავება, ერთის ნაცვლად ოთხი ძირითადი გარნიტურის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ერთიანი სისტემით მათი კეგელების გამრავლება. აქ საჭიროა გავიხსენოთ, რომ დიდად განვითარებულ შრიფტებს, მაგალითად, რუსულს, ოცდაათამდე გარნიტური მოეპოეება.

ისიც უნდა ითქვას, რომ შრიფტის კომიტეტს ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო და მისი თაოსნობის მასშტაბი, როგორც ჩანს, აშკარად არასაკმარისია ქართული შრიფტის საქმის ჯეროვან დონეზე ამაღლებისათვის.

ბეჭდვითი სიტყვა, სტამბური შრიფტი, პოლიგრაფია თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევათა გაზიარების ყველაზე სრულქმნილი და უნივერსალური საშუალებაა. ამიტომ გასაგებია, ქართული ეროვნული კულტურის განვითარების ინტერესები მოითხოვენ ამ საქმისადმი შეუნელებელ ყურადღებას. ჩამორჩენას ამ სფეროში გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.

ამიტომ აუცილებელია ქართული შრიფტის კომიტეტის ავტორიტეტისა და მატერიალური ბაზის იმდენად გაძლიერება, რომ შრიფტის შესწავლისა და გაუმჯობესების საკითხი თანამედროვე პოლიგრაფიის უახლეს მიღწევათა დონეზე ამაღლდეს, საქმე ისე წარიმართოს, რომ ქართული ლინოტიპური, მონოტიპური და საერთოდ სტამბური შრიფტი გრადაციებისა და ეკონომიურობის მხრივ რუსულსა და სხვ. მაღალგანვითარებულ შრიფტებს არ ჩამორჩებოდეს.

მომწიფებულია საკითხი საწერი (ხელით საბეჭდი) მანქანის გაუმჯობესებული შრიფტის შემუშავებისა, რაც აგრეთვე გადაუდებელ და დიდმნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს[11].

თავისთავად ქართული მხედრული ანბანი ცივილიზებულ მსოფლიოში დღეს მომქმედ ანბანთა შორის უდავოდ უაღრესად სრულყოფილია. მრავალ ფრიად გავრცელებული ალფაბეტისაგან, მაგალითად, ლათინურისაგან განსხვავებით ქართულში ყოველ ბგერას, ხმოვანს თუ თანხმოვანს, ზუსტად შეესაბამება ერთი ასო. თანაც ყოველი ასო სხვებთან ყველა შესაძლებელ შეთანაწყობაში ყოველთვის ერთნაირად ჟღერს (გამოითქმის). ამგვარად, მისი გამომთქმელობითობა ნამდვილად უებროა.

ლათინურ ანბანში, ვთქვათ, იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ ან ინგლისურ ენაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი ბგერის, მაგალითად ხანის, შინის გამოსათქმელად საჭიროა ორი და მეტი ანბანის შეერთება, რაც ეკონომიურობისა და, მაშასადამე, თვალის ჰიგიენის მხრივაც უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ უკანასკნელ ხანებში ძლიერ ცდილობენ თავი დააღწიონ ამ „ძველებური ხელგაშლილობის” უხერხულობას და შეიმუშაონ ყოველი ასეთი ბგერისათვის ერთი ეკვივალენტური ასო არსებული შესაბამისი ასოს გრაფემაში რაიმე განმასხვავებელი ნაწილაკ-ნიშნის შეტანით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებთ საუკუნეთა განმავლობაში დახვეწილი თანამედროვე ქართული მხედრული ანბანის – ქართული გენიის უდიდებულესი და უმშვენიერესი ქმნილების – მოხაზულობათა შეცვლის, ე.ი. მრგვლოვანის კუთხოვნად გადაკეთებისა და ამ მხრივ ქართულ ნუსხა-ხუცურთან, ანდა კიდევ ლათინურთან მიახლოვების იდეას, მაგრამ მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი გრაფიკოსების ცდა ქართული შრიფტის ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, მაგალითად, ლასი, ზენი და დონი მათი გრაფემის დაურღვევლად თანამედროვე პოლიგრაფიის სტანდარტულ „ოთახში” მოათავსონ. ამ მხრივ მისაბაძი მაგალითები უწინარეს თვით ქართული ანბანის მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის საფეხურებზე უნდა დაიძებნოს, ცხადია, საერთოდ სტამბური შრიფტის ყველაზე მოწინავე გამოცდილებათა გაზიარებით.

* * *

ცალკე საკითხია, მაგრამ უაღრესად პრაქტიკული და მნიშვნელოვანი შრიფტის მეურნეობის მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილ წარმოების იარაღთა და მასალათა ნაწილის ინვენტარული დაცვა-შენახვის საქმე წინაპართა მიღწევების პატრონობას მარტოოდენ ისტორიული ინტერესი როდი ახლავს. შრომის ძველ საშუალებათა შენახვას არასოდეს ხელი არ შეუშლია ტექნიკური პროგრესისათვის, პირიქით.

ყოვლად გაუმართლებელი იყო, როდესაც რამდენიმე ხნის წინათ – ვითომდა სამუშაოთა მექანიზაციის ინტერესებით, განადგურდა დიდძალი ხელით ასაწყობი ქართული მთავრული შრიფტი. შემდეგ 1953 წ. აშკარად მავნებლური განკარგულებით მოისპო დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი ხისაგან, ნაწილობრივ კიდევ სპილენძისაგან, თითბრისაგან დამზადებული სააფიშო დიდი კეგელის ქართული შრიფტები და მრავალი სხვა ხელით ასაწყობი სასტამბო მასალა – თავი და ბოლოსამკაულები, ფიგურული (მხატვრული) ჩარჩოები, ბორდიურები, სხვადასხვაგვარი ორნამენტები და საშრიფტო „წვრილმანი”, ისე რომ სამუზეუმო ექსპონატების სახითაც არ შენახულა მათი ნაშთები. 1940 წ. თბილისში გამოცემულ „შრიფტის ნიმუშებში” წარმოდგენილი მრავალი ასეთი მასალა დღეს უკვე აღარ მოგვეპოვება.

ცხადია, ამიერიდან არასოდეს არ მოხდება, რომ შემთხვევითი ადამიანები თვითნებურად განაგებდნენ უაღრესად დიდი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს და ანადგურებდნენ მომავალ თაობათათვის მრავალმხრივ სასარგებლო და გამოსაყენებელ წინაპართა ნამოღვაწარს.

სანამ გვიან არაა, ეფიქრობ, აუცილებელია მივიწყებული (ხმარებიდან ამოდებული) შრიფტის მთელი მასალის შესწავლა იმ მიზნით, რათა ზოგიერთი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნილებას, აღდგენილ იქნას და კვლავ დაინერგოს წარმოებაში – ზოგიერთი საჭირო მოდიფიკაციით ან, იქნებ, ამის გარეშეც.

ქართული შრიფტის მეურნეობის კიდევ სხვა აქტუალური საკითხები მოითხოვენ შესწავლას და ყურადდებას. 1959 წ. ჟურ. „საქართველოს ეკონომისტის” ფურცლებზე (იხ. №№ 1,4,6,7) გამართული მსჯელობის დროს ქართული შრიფტის გაუმჯობესების თაობაზე საყურაღდებო მოსაზრებები გამოთქვეს ჩვენმა პოლიგრაფისტებმა: ბ.გორდეზიანმა, პ.ჭანიშვილმა, ერ.წივწივაძემ და სხვ.

როგორც ჩანს, ყველაფერი მზადაა და დროულიც, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ქართული შრიფტის, ამ უადრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის, ყოველმხრივ შესწავლისა და, მაშასადამე, პოლიგრაფიული მრეწეელობის უახლეს მიდწევათა შესაბამისად მისი გამდიდრების, გამრავალფეროვნებისა და საერთოდ გაუმჯობესებისათვის.

ეს არა მხოლოდ პოლიგრაფიის მუშაკთა და გრაფიკოსთა, არამედ სამხატვრო აკადემიის, მხატვართა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის, მწერალთა კავშირის, მეცნიერებათა აკადემიის, საერთოდ მთელი ქართული კულტურის, ცივილიზაციის გადაუდებელი და, მაშასადამე, საზრუნავი პრობლემაა [12].


[9]შემოკლებულად გამოქვეყნდა გაზ. „კომუნისტში” (1962, 30 მარტი), ქვესათაურით: „ეს დიდი ეროვნული საქმეა”.

[10] იხ. აგრეთვე სახალხო პოეტის, აკადემიკოს გ.ლეონიძის ფრიად საინტერესო სტატია: “ფიქრები ქართული წიგნის გარშემო”, სადაც ქართული შრიფტისა და სახელდობრ მთავრულის შესახებაც არის მსჯელობა: “ლიტერატურული გაზეთი”, 1962, 13 აპრილი. განსაკუთრებით ადსანიშნავია ის დიდად ნაყოფიერი მუშაობა,რასაც ამ მიმართულებით ეწევა ჩვენი სახელოვანი მეცნიერი აკად. ა.შანიძე. იხ.მისი “დაფარული საუნჯე” და სხვ.

[11] ქართულ საწერ (ხელით საბეჭდ) მანქანას კარგა ხნის ისტორია აქვს. პირველი ქართული საწერი მანქანები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შეკვეთით იქნა გაკეთებული 1909 წელს (იხ.: „ხმა კახეთისა”, 1914, № 150, გვ. 3-4)

[12] ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ბევრი რამ გაკეთდა ქართული შრიფტისა და საერთოდ პოლიგრაფიული მეურნეობის გაუმჯობესებისათვის. მაგრამ, მეტია გასაკეთებელი. სამწუხაროა, რომ თვით ქართული შრიფტის კომიტეტის მუშაობაც ვერასგზით ვერ აეწყო ხეირიანად;  – უმთავრესად, ცხადია, თავმჯდომარეთა ხშირი გამოცვლის, ანდა არაკომპეტენტურობის გამო. კომიტეტის უძველესმა და უხუცესმა წევრებმაც, აკაკი შანიძემ და ამ სტრიქონების ავტორმა, არაერთგზის მიაქციეს შესაბამის დაწესებულებათა ყურადღება ამ საქმეს, მაგრამ ამაოდ!

2 Responses to პ.გუგუშვილი: ქართული შრიფტის გაუმჯობესებისათვის

  1. root@localhost says:

    საინტერესო სტატიაა. გმადლობთ. როგორ ფიქრობთ არის თუ არა იმის პერსპექტივა რომ XXI საუკუნეში შემოვივიდეს ასომთავრული ასოები დამწერლობაში და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ადამიანებმა რომ 0.1%-ით მაინც შევუწყოთ ხელი ამ პროცესს(თუკი ის თეორიულადაც მაინც შესაძლებელია.

    • მხედრულის მთავრული უკვე ასახულია უაღრესად გავრცელებულ ფონტების დასტაში “DejaVU” — PUA (Private Use Area) ზონაში. ამით პირველი ნაბიჯია გადადგმული მხედრულის მთავრულის Unicode სტანდარტში ასახვისთვის.
      https://bpgfonts.wordpress.com/2013/10/09/dejavu_2-34/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: