marketer.ge: ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი

 პირველი ვებ-საიტები, ქართული ფონტები, ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ–გვერდი. პირველი ნაბიჯები ქართული ინტერნეტის შექმნაში, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრს, ბესარიონ გუგუშვილს უკავშირდება.

Besarion Gugushviliგთავზობთ მარკეტერის ინტერვიუს ბესარიონ გუგუშვილთან, რომელიც ქართული ინტერნეტის შექმნაში მისი წვლილის შესახებ მოგვიყვება.

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯი გადადგით თქვენ და ბატონმა რენო სირაძემ, ეს იყო 1996 წელი. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ გაჩნდა ქართული ვებ- გვერდებისა და ქართული ფონტების შექმნის იდეა? ზოგადად, რატომ დაინტერესდით ამ თემით?

ინტერნეტის საწყისი-საბაზისო ელემენტები საქართველოს აკადემიის ინფორმაციის ცენტრს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გააჩნდა: კერძოდ ეს იყო საბჭოთა და უცხოეთის საბიბლიოთეკო სისტემებში ლიტერატურის ძებნის ავტომატიზებული სისტემა – გუგლის ძალზე მარტივი ანალოგი.

ტექნოლოგიური ასპექტში, გამართულობის თვალსაზრისით, პირველი ქართული ვებ-საიტი ნამდვილად ჩემ მიერ იყო შექმნილი-საქართველოს უკანონო რეჟიმის მამხილებელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შინაარსის საიტი „შავლეგო“(1996). იგი იყენებდა საერთაშორისო სტანდარტის (Unicode) შესაბამის ქართულ კოდირებას, შესაბამის დამწერლობასა და ქართულ ფონტებს. ამასთანავე, „შავლეგოს“ ფონტები დინამიური იყო, ანუ სერვერიდან მიეწოდებოდა მომხმარებლის ბრაუზერს. ამ საიტის ასლი ახლაც მოქმედებს მისამართზე: http://beso.altervista.org/shavlego/index.html

ინტერნეტ-ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ-საიტი გახლდათ “ქართული ვების ტიპოგრაფია”, რომლის ავტორიც ბრძანდებით. თუ შეგიძლიათ ამ საიტის შესახებაც მოგვიყვეთ?

საიტი “ქართული ვების ტიპოგრაფია” (1997) საგანგებოდ მიეძღვნა კომპიუტერულ ქართულ დამწერლობას, კოდირებას, ფონტებს და ფონტების გამოყენებას საკუთრივ ვებში/ინტერნეტში. ქართული ფონტების შექმნის თეორია და პარაქტიკა ამ საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლდათ. (http://beso.altervista.org/bpgfonts//)

ზემოთ აღნიშნული ვებ-საიტები იქმნებოდა ისეთ პირობებში, როდესაც უნიკოდის კოდირებით ქართული ტექსტის შემცველი ვებ-გვერდის მოსამზადებელი (საბეჭდი) პროგრამა არ არსებობდა და ამის გამო მიწევდა ჩემს მიერ შექმნილი კონვერტორით მომეხდინა ლათინური ასოებით მომზადებული ქართული ტექსტის გადაკოდირება უნიკოდზე.

პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic, როგორ ხდებოდა მათი შექმნა?

პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები, რომლებიც ზემოთ აღნიშნული კოოპერატივის „BPG-InfoTech“ სახელით კეთდებოდა და კერძოდ BPGSanSer, BPGClassic და სხვა, იქმნებოდა პროგრამა Fontographer-ის მეშვეობით (ფონტის საბოლოო გენერირებას ჩემი კომპიუტერი ლამის ერთ საათს ანდომებდა) და შემდგომ მათში ჩაშენდებოდა (ჩაისმეოდა) მაიკროსოფტის სპეციალური პროგრამით ცალკე გამზადებული ბიტმაპ ფონტი — გამოსახულების გასაუმჯობესებლად.

პარალელურად ვმუშაობდი თანამედროვე ანუ დიზაინის დასავლური სტანდარტის შესაბამისი ქართული შრიფტების/ფონტების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე, აღვადგინე რამდენიმე უნიკალური ქართული შრიფტი, მათ შორის პირველნაბეჭდი ქართული წიგნების შრიფტები.

პირადად თქვენ საკუთარი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?

საერთაშორისო მარკეტინგის თვალსაზრისით, უდავოდ ჩემი მწვერვალია „დეჟავუ“ ფონტების ქართული დიაპაზონის შექმნა, რამდენადაც ამ ფონტებით აღიჭურვება ყველა „ლინუქს“ სისტემა და ეფლის სისტემები. „დეჟავუ“ ფონტებში აისახა ყველა ქართული დამწერლობა ანუ მხედრული, მხედრულის მთავრული, ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და დიალექტიკები.

„დეჟავუ“ ფონტებისთვის ქართულის შექმნა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართული ასოები ორგანულად იქნა მორგებული ლათინური ასოებისთვის განკუთვნილ „ჩარჩოს“. შემდეგი წარმატება იყო „ნოკიას“ საბაზისო ფონტისთვის ქართული დიაპაზონის შექმნაში კონსულტირებით მონაწილეობა.

წარმატება ხვდა წილად ქართული ასოების ჩემს მიერ შეთავაზებულ გამარტივებებს, რაც ახლა საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. არსებით გარღვევად მიმაჩნია ფონტის „გლახო“ შექმნა, რომელიც დღემდე რჩება ერთადერთ დელტა-ჰინტირებულ ქართული წარმოების ფონტად. პირველ რიგში სასტამბო ფონტებია: „ბპგგარდიანეგვიპტური“ ფონტი, ფონტების გარნიტურა “BPG Nino Elite 2013″, BPG Anna, ფონტი „ბპგარიალი“ 2009-2010.

ვფიქრობ, რომ შევძელი შემექმნა რამდენიმე ფონტი, რომლებმაც არსებითი გარდატეხა შეიტანეს ქართულ თაიპოგრაფიაში როგორც ასოების პროპორციების, აგრეთვე მოხაზულობის თვალსაზრისით და არსებითად ახალ სტილს, ხედვას ჩაუყარეს საფუძველი.

დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობთ, რამდენად ესმით ქართულ კომპანიებს უნიკალური ფონტის მნიშვნელობა?

ფონტების ყველაზე დიდი მომხმარებლებია გამომცემლობა-სტამბები. არ მეგულება, რომელიმეს დაეკვეთოს არა თუ ფონტის შექმნა, არამედ თუნდაც მოდერნიზება-მორგება. რამდენჯერმე მივმართე მათ, სავსებით უფასოდ მოგირგებთ ან თქვენი გემოვნების მიხედვით შევასწორებ ჩემს არსებულ ფონტებს, არც ერთხელ არ გამოუყენებიათ შეთავაზება.

მაგალითად: ერთ-ერთი დიდი გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვებში ვრცელდება არასტანდარტული-ხეპრე, გორსალა კოდირებით, რაც არ აძლევს მაგალითად გუგლს მოახდინოს მისი დამუშავება ძიებისთვის, ხოლო რიგით მომხმარებელს არ აქვს საშუალება ამ გაზეთის ტექსტებიდან ამონარიდი გამოიყენოს..

სახეზეა „კორპორატიული“ (ფირმის საკუთარი განსაკუთრებული) ფონტების დაკვეთით ცალკეული შექმნის ფაქტები, მაგრამ, უფრო ხშირად ეს ფონტები იმდენად დაღვარჭნილ-გამატრაკვეცებულ-გატუტუცებულია, რომ ქართულ კალიგრაფიული ტრადიციასთან საერთო თითქმის აღარაფერი აქვთ. ლათინურს ასე მასხრად აგდებას ფონტების შემქმნელები არ აკადრებენ,  მით უმეტეს კორპორატიულ (რაც იმავდოულად სოლიდურს, დარბაისელს უნდა ნიშნავდეს) ფონტებს.

როგორ შეაფასებდით ქართულ დამწერლობასა და მწიგნობრობას კომპიუტერულ საუკუნეში?

მთავარი პრობლემა ამჟამად არის მხედრულის, მთავრულის დანერგვა იმავე დონეზე, როგორც სასათაურო-მთავრული ასოებია დანერგილი და განვითარებული ნებისმიერ ევროპულ დამწერლობაში. წარმოიდგინეთ, რომ აფხაზი ან ოსი „შიფტის“ ღილაკის დაჭერით წერს მისი დამწერლობის სასათაურო-მთავრულ ანუ „დიდ“ ასოებს და ქართველს კი ეს არც კი წამოუდგენია.

როგორია ქართული ენის კომუნიკაციური როლი და პრობლემები თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებში?

სამარცხვინოა მსოფლიოში უმდიდრესი კომპანიის (რომელსაც 170 მილიარდი დოლარი აქვს დაგროვილი, გამოუყენებელი – სარეზერვო საბანკო ანგარიშებზე) „ეფლის“ პოზიცია ქართულის მიმართ – iOS ერთადერთი სისტემაა სმარტფონებსა და პლანშეტებში, რომელსაც ქართული კლავიატურა არ გააჩნია. ამ „პრესტიჟული“, სამატრაკვეცო ბრენდის პროდუქციის ამაყი „მომარიაჟე“ მესაკუთრეებია სწორედ, სოციალურ ქსელებს რომ ანაგვიანებენ ლათინური ასოებით დაწერილი ქართულით.

სახელმწიფომ უნდა დიდი ბაჟით შეაფერხოს ისეთი მოწყობილობების მასიური იმპორტი, რომლებსაც არა აქვთ უზრუნველყოფილი სახელმწიფო ენის მომსახურება, როგორც ეს ყველა ევროპულ სახელმწიფოშია.

წყარო:
http://www.marketer.ge/besarion-gugushvili/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: